ახალი ამბები
ანაკლიაში 30 ადამიანი კარანტინში იმყოფება
ანაკლიასა და განმუხურის სამ სასტუმროში: ანაკლიაში“, „პრატაპ-სიგნიჩასა“ და „პალ ბიჩში“ საკარანტინო ზონა მოეწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ანაკლიაში, საკარანტინო ზონაში უკვე იმყოფება 30 ადამიანი. როგორც რწმუნებულმა თქვა, აღნიშნულ სასტუმროებში ჯამში 138 ნომერი იქნება. 

„ეს ადამიანები საკარანტინო პერიოდს გაივლიან ანაკლიის სასტუმროებში. აქ პერსონალის გადამზადება მოხდა ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლების მიერ. ასევე მედ-პერსონალით იქნება დაკომპლექტებული საკარანტინო ზონა. მინდა მივმართო მედიკოსებს, ვისაც შეუძლიათ დაგვეხმაროს“, - თქვა მოწერელიამ.

მხარის რწმუნებულმა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება უწევთ, მათ შორის, პოლიციელებს და მედიკოსებს, დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიციას, მოხალისეებს, თქვენ ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ხშირად 24 საათიან რეჟიმში დაუღალავი მუშაობა გიწევთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელიამ ასევე ისაუბრა, მოხალისეების საკითხზე. რეგიონში ამ ეტაპზე 250 ახალგაზრდაა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს.

"მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში", - თქვა მხარის რწმუნებულმა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 329 პირი იმყოფება, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა - 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია 26 ადამიანი, აქედან 12 იძულებით წესით.
Print