ახალი ამბები
მეუფე გერასიმე: ჩვენ ლოცვა - კურთხევას ვასრულებთ უწმინდესის და უნეტარესის და ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში დილის ლოცვის დაწყებამდე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ იზიარებს საპატრიარქოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აღდგომის ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ლოცვა - კურთხევას ვასრულებთ უწმინდესის და უნეტარესის და ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას. რა თქმა უნდა რთულია, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ტაძრის ეზოში ყოფნა, თუმცა, ვისაც ექნება სურვილი, მოვა ტაძარში და დარჩება დილამდე", - აღნიშნა მან.

მეუფე გერასიმეს თქმით, ისინი უკვე დიდი ხანია ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, იცავენ დისტანციას და მრევლს ტაძარში ხვდება პირბადეები და ანტისეპტიკური ხსნარი, ხელების დასამუშავებლად.

მეუფემ მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია სწორედ მშენებარე ტაძარში ჩატარდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვტილებას სამღვდელოება დღეს მიიღებს.

"გუშინ საღამოს გაკეთდა ეს განცხადება, ჩვენ ვერ მოვასწარით სამღვდელოების შეკრება, დღეს შეიკრიბება სამღვდელოება, და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. სხვა საშუალება არ გვაქვს, იცით, რომ ყველა ტაძარი არის ძალიან მცირე ზომის და ვერ მოხერხდება ვერსად", - თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლს ტაძარში მისვლა შეუძლია კომენდანტის საათის დაწყებამდე, ხოლო მისი დატოვება მსახურების შემდეგ, დილის ექვს საათზე. მან აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა რეკომენდაცია.

მთავრობის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ აღდგომის დღესასწაულზე დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების დაცვას უზრუნველყოფენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.





Print