ახალი ამბები
იძულებულები ვართ ზუგდიდის და ფოთის ბაზრები დავხუროთ - გუბერნატორი
დღეიდან ზუგდიდის, სავარაუდოდ ხვალ კი  ფოთის ბაზარიც დაიხურება. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიუხედავად ყველა გაფრთხილებისა, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე მოქალაქეების ნაკადი არ შემცირებულა.

"დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, ახლა ვართ ზუგდიდში და სამწუხარო რეალობა გვაქვს. მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა, არამედ მოიმატა. ამინდიც ხედავთ როგორია, მიუხედავად ამისა, ყველგან მომატებულია ნაკადი, როგორც ავტომობილების, ასევე მოსახლეობის. ყოვლად წარმოუდგენელია ის, რაც მოხდა დღეს ზუგდიდის ბაზარში. მიუხედავად პოლიციის მობილიზაციისა, მუნიციპალიტეტის მობილიზაციისა, პროცესი შეიქმნა უმართავი. მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მეწარმეებს, ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე ფაქტიურად განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, საკუთარი თავის, ახლობლების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის - ყველას მიმართ. იძულებული გავხდით, რომ დაგვეწყო ბაზრის დახურვის პროცესი. რა დააშავა იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოვიდა, რომ სააღდგომოდ ორი კაპიკი ეშოვა. ასევე იმ ადამიანებმა, ვინც იცავს წესებს, დისტანციას, უნდოდათ შეეძინათ პროდუქტი და არ მიეცათ ამის საშუალება, უპასუხისმგებლო მოქალაქეების გამო. იძულებულები გავხდით, დაგვეწყო ეს პროცესი. დაიხურება როგორც ზუგდიდის ბაზრობა, ისე ფოთის", - განაცხადა გუბერნატორმა. 

მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვები გარემოვაჭრეებზეც გავრცელდება. 

"არც გარემოვაჭრეები იქნებიან ბაზართან ახლოს - ყველამ მინდა გაიგოს, ყველა დაჯარიმდება. ჩვენ მივდივართ უკიდურეს ზომებზე. არავის უხარია 3 000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ პოლიცია იმოქმედებს კომპრომისის გარეშე. სამწუხაროდ, გუშინ მოუწიათ ერთი ოჯახის წევრებზე 6 000 ლარიანი ჯარიმის გამოწერა. ", - თქვა მოწერელიამ. 

ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. მუშაობა განაახლეს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა და ხილ-ბოსტნის სექციის მოვაჭრეებმა.
Print