ახალი ამბები
სოხუმი: აგრარული ბაზრების ნაწილმა მუშაობა განაახლა
შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ აფხაზეთში აგრარული ბაზრების უმეტესი ნაწილი მუშაობას შეკვეცილი გრაფიკით განაახლებს. შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 17 აპრილს გასცა, წერს "აფსადგილ ინფო".

ამავე ცნობით, სოხუმის ცენტრალური ბაზარი კვირაში სამჯერ, პარასკევს, შაბათს და კვირას იმუშავებს, 16 საათამდე, ხოლო 19 საათიდან ქალაქის სურსათის უვნებლობის სამსახური ტერიტორიის დეზინფექციას ჩაატარებს.

დღეიდან მუშაობას იწყებს გალის ბაზარიც, რომელიც ასევე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას იქნება გახსნილი. 20 აპრილიდან ბაზრები ამოქმედდა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში, ხოლო 21 აპრილს - გაგრაში.

აგრარული ბაზრები სოხუმმა 28 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დახურა, თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე ხანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი - მისი კონტაქტებია.

Print