ახალი ამბები
კორონავირუსი ტრაილერის მძღოლის კიდევ 2 კონტაქტს დაუდასტურდა
ზუგდიდში Covid 19-ი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ნათესავია. ისინი ამ დრომდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. ამ დროისთვის კარანტინში 27 ადამიანია გადაყვანილი, 8 პირი კი თვითიზოლაციაშია. ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე მძღოლის კლასტერის 6 წევრს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს დაუდასტურდა.

42 წლის მამაკაცი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ოჯახის სამი წევრი კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. გუშინვე ინფიცირებული პირის დედას და 2 არასრულწლოვან შვილს covid 19-ი დაუდასტურდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ 

Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტები, მათ შორის 15 არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს 

კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა 

ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა






Print