ახალი ამბები
ზუგდიდში ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, კლინიკაში მხოლოდ ახლა გადაიყვანეს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ამ დრომდე სახლში 2 ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა, მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა და შემდგომი კვლევა. 

კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიყვანეს ქალი სამედიცინო დაწესებულებაში უფრო ადრე, ოდიშარია განმარტავს, რომ პაციენტმა ეს თავად არ მოისურვა.

"თვითონ არ ტოვებდა თავის შვილიშვილებს და ჩვენ რა უფლება გვქონდა გამოგვეყვანა? სისტემა გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ოჯახში დისტანციური მართვა განგვეხორციელებინა. არ მოისურვა გადასვლა კლინიკაში, ამას თვითონაც დაგიდასტურებთ. ამ ეტაპზე გადაყვანილია რუხის საავადმყოფოში, ბავშვებს კი ჩაუტარდათ ტესტირება", - გვითხრა მან. 

ზუგდიდელი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრების ცნობით, ის ვირუსის დადასტურების შემდეგ თითქმის 2 დღის განმავლობაში ბინაში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული არ ჰქონდათ. 

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული ქალი სახლში 2 ბავშვთან ერთად მეორე დღეა იმყოფება - ოჯახი


Print