ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, 5 ზუგდიდში
29 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ბიოლოგიური ნიმუში 577 პირს აუღეს. აქედან ცნობილია 494 ანალიზის პასუხი და მათ შორის ახალი კორონავირუსი 17 მოქალაქეს დაუდგინდა. აქედან, 5 ზუგდიდში გამოვლინდა, 6 – 6 ფოთსა და ხობში. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"ფოთში 6 შემთხვევიდან 5 ამ ქალაქის მკვიდრია, ხოლო 1 ხობის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. მას ფოთთან სამსახური აკავშირებს. რაც შეეხება ხობს, აქ შემთხვევები სოფელ ქარიატას სკოლის მძღოლს უკავშირდება, ისინი მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები არიან. დანარჩენს ბათუმთან ჰქონდათ კავშირი. რაც შეეხება ზუგდიდში გამოვლენილ შემთხვევებს, 1 საკარანტინო ზონიდანაა, ერთი საზღვარზე შემოსული, 2 არასრულწლოვანი კი რეპეტიტორის კლასტერია. ასევე ზუგდიდის სოფელ ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდგინდა ინფექცია", - განმარტა თორიამ.

მისივე ცნობით, რუხის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული, ფოთში კი 38 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

"რუხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, 6 მდგომარეობა შედარებით მძიმეა, აქ გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, მათ შორის, ერთი ხაიშის მკვიდრია, ხოლო 3 ზუგდიდის", - აღნიშნა თორიამ.

ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 114 პირი. რაც შეეხება საკარანტინო ზონას, აქ 176 პირი იმყოფება.
Print