ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ კიდევ 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, უმეტესობა „ოქროს ბირჟის“ კლასტერია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, 309 ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან, 17 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის, 9 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ცნობით, ზუგდიდში გამოვლენილი შემთხვევებიდან, 7 ე.წ. "ოქროს ბირჟის" კლასტერს მიეკუთვნება, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1 ცხელებით რუხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტია. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან. 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.

„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდპაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა“,- თქვა თორიამ.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცში 133 მოქალაქე იმყოფება.

Print