ახალი ამბები
სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 18 ზუგდიდს უკავშირდება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 390 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 25 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 18 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ამასთან, 11 ოქტომბერს აღებული ნიმუშებიდან, რომელთა კვლევაც გუშინ დასრულდა, 3-ზე დადებითი პასუხია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"ზუგდიდში გამოვლენილი შემთხვევებიდან, 8 უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. 4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 შემთხევვაა სენაკში, რომელიც თბილისში მოგზაურობას უკავშირდება", - ამბობს თორია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მკვიდრია, 1 კი ფოთის.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 136 ადამიანი იმყოფება.

Print