ახალი ამბები
რა მდგომარეობა ზუგდიდის სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ
კოვიდ19-ის გავრცელების გამო, ზუგდიდის ორი სოფლის სკოლა და ქალაქის რამდენიმე ცალკეული კლასი დახურულია, სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, დარჩელის და კახათის პირველ საჯარო სკოლებში ვირუსი რამდენიმე მასწავლებელს და მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო დაწესებულებების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ონლაინ სწავლებაზეა გადასული სოფელ რიყის, ქალაქის მეორე, მეოთხე და მეექვსე სკოლების ცალკეული კლასები, სულ დახურულია 8 კლასი.

„ამჟამად დისტანციურ სწავლებაზე გადასული მოსწავლეები საკლასო ოთახებში 8 ივნისს დაუბრუნდებიან. მიუხედავად ამ სტატისტიკისა მინდა გითხრათ, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების წყარო. მოსწავლეები ძირითადად მშობლებისგან ინფიცირდებიან. 9 დღე დაგვრჩა სასწავლო პროცესის დასრულებამდე და გვინდა ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ სკოლაში.“, - აღნიშნა მამუკა ბულიამ.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 76 მოქალაქეს დაუდასტურდა.


Print