რეგიონი
რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, კულტურის ცენტ "ოდიშში", რუსთაველის დასის სპექტაკლი გაიმართა. დრამა სახელწოდებით "სტუმარი" ერთ მოქმედებად ერიკ - ემანუელ შმიდტის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოგა გორგოშაძემ დადგა.

სპექტაკლი ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების მძიმე პერიოდს - ვენაში ნაცისტების შეჭრას, ებრალების დევნასა და ფროიდისა და მისი ქალიშვილის შევიწროებას ეხება. სწორედ ამ დროს მას უცნობი სტუმარი ეწვევა. მთელი მოქმედების განმავლობაში ისინი საინტერესოდ საუბრობენ და მაყურებლისთვის ბოლომდე უცნობია, ვინ არის სინამდვილეში სტუმარი.

ფროიდის როლს ბაჩო ჩაჩიბაია თამაშობს. მსახიობმა რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია და ზუგდიდელ მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

"ამ სცენაზე სამი სპექტაკლი ვითამაშე და ზუგდიდელ მაყურებელზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ", - დასძინა ჩაჩიბაიამ.

დრამით კმაყოფილები დარჩნენ მაყურებლები. მათი თქმით, სპექტაკლი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის იყო და მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "Art Universal"-ია.


Print