რეგიონი
დავით ქირიას ორთაბრძოლა მადრიდში კორონავირუსის გამო გადაიდო
ზუგდიდელი სპორტსმენის დავით ქირიას მორიგი ბრძოლა, რომელიც მადრიდში 14 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს. ამავე ინფორმაციით, მადრიდში დაგეგმილი ყველა ტურნირი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო გადაიდო.

„რამდენიმე საათის წინ მენეჯერმა ესპანეთიდან მაცნობა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ტურნირი, მათ შორის ჩვენიც, კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმებულია ან გადადებულია გაურკვეველი ვადით. შესაბამისად, აქამდე დაანონსებული შეხვედრა, რომელსაც ყველანი სულმოუთქმელად ველოდით და რომლისთვისაც გულმოდგინედ ვემზადებოდი, აღარ ჩატარდება. ძალიან ვწუხვარ, თუმცა ფაქტია, რომ გლობალურ პრობლემას წინ ვერ აღვუდგებით. მე კი ჩემის მხრიდან ვაგრძელებ ფიზიკურ მომზადებას და გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად გაგახარებთ გამარჯვებით“, - წერს კიკბოქსიორი.

დავით ქირიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 2014 წელს, ხორვატიაში გამართულ ჩემპიონატზე K1-Glory ვერსიაში, მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მეორედ ის  2017 წელს, პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მესამე გამარჯვება მან ჩინეთის ქალაქ შანხაიში, Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე მოიპოვა, სადაც ფინალში მაროკოელი მარუან ტუტოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა.

ამავე თემაზე:
დავით ქირია ბრძოლას 14 მარტს მადრიდში გამართავს
Print