საზოგადოება
რა ხდება საბავშვო ბაღებში - „ნაციონალების“ ბრალდებები და ზუგდიდის მერიის პასუხი
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბაღებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქ ზუგდიდში არსებული 18 ბაღის 52 აღმზრდელი მეცამეტე ხელფასის დარიცხვას და ზოგადად, ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, რასაც ბიუჯეტის დამტკიცებამდე მათ ქალაქის მერი დაჰპირდა.

„ეს დაპირება მერმა უკან წაიღო და ბიუჯეტში მათი მოთხოვნები არ ასახა. ბაღის აღმზრდელები ითხოვდნენ მერთან შეხვედრას, ირაკლი გოგოხია კი მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა და დააბარა აღმზრდელებთან, რომ ყველას, ვინც განცხადებას აწერდა ხელს, არ გაუგრძელდებოდათ ხელშეკრულება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც მწირ ხელფასს იღებენ და ძალიან ცუდია, როდესაც მერი მათ პასუხად მუქარებს უთვლის. ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებას ბოლომდე!“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ამის შესახებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის კურსშია და ფრაქცია მათგან შესაბამის რეაქციას ითხოვენ.

ოპოზიციური ფრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ზუგდიდის მერია გამოეხმაურა, რომელმაც ბრალდებები უარყო და მათ საფუძველს მოკლებული უწოდა.

რაც შეეხება აღმზრდელების მოთხოვნებს, უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი კოლექტიური წერილი მათტან მართლაც შევიდა, რასაც პასუხი კანონით დადგენილ ვადაში გაეცემა.

„აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 20 %-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ორჯერ მიიღეს პრემია, გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, მათ ე.წ. საშვებულებო თანხაც ჩაერიცხა, ხოლო მერის პირადი გადაწყვეტილებით, ხელფასზე დანამატის სახით დეკემბერში, ბაღების უკლებლივ ყველა თანამშრომელს 100 ლარი ჩაერიცხა. მომავალი 2016 წლის სექტემბრიდან ბიუჯეტში ხელფასები კვლავ 20 %-ით გაიზრდება. დაგეგმილია ბაღების პედაგოგებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარების ჩატარება და ბაღების ტექნიკური გაძლიერება. სკოლამდელი დაწესებულებების გამართული ფუნქციონირება ქალაქ ზუგდიდის მერიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის ამაღლებაა. განგიმარტავთ, რომ საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ,,მეცამეტე ხელფასის“ ფინანსური ცნება არ არსებობს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print