საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თემურ ქორიძემ ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა წარუდგინა. პაპავა, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა.

2016 წლიდან ომბუდსმენის აპარატში რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შეიქმნა რეგიონული დეპარტამენტი. ასევე ჩამოყალიბდა აჭარის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოები. ცვლილებების განხორციელება ასევე იგეგმება გურიის, ახალქალაქის, კახეთის, მარნეულისა და გორის ოფისებში.

სამმართველოების შექმნა მიზნად ისახავს რეგიონული ოფისების გაძლიერებას და ფუნქციურ დატვირთვას. ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის წარმომადგენლობები ცენტრალური ოფისის ჩარევის გარეშე, ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს.

Print