პოლიტიკა
გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ.

როგორც ცნობილია, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს. 
რაც შეეხება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების საკითხს, კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მე-8 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა და ეს დღე 8 ოქტომბრამდე არის 19 აგვისტო.
Print