სამართალი
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რა მოხდა კვარაცხელიების ოჯახში
16 იანვარს ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 29 წლის ნიკა კვარაცხელიას სოფელ კორცხელში ძირეულ სახლში გლოვობენ.

ნიკას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა, მისმა ცოლმა ელისო ქირიამ მოკლა. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, რძალს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის პრეპარატებსაც იღებდა.

საპირისპოროს ამტკიცებენ ელისო ქირიას ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათმა სიძემ თავი მოიკლა.

"არ ვიცი შვილო რა გითხრათ. ვიცი, რომ იმ დღეს ნიკა იყო ნასვამი, ეძინა, დაურეკა ტელეფონმა. ამ ზარის შემდეგ გაღიზიანდა, წამოდგა და დანას დაავლო ხელი. მის შეჩერებას ცდილობდა ელისო, ჩემი დისშვილი. დაზიანებები აქვსო რომ ამბობენ, იმიტომ აქვს, რომ ელისოს უნდოდა დანა დაეგდებინებინა და უკბინა, დაკაწრა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ელისო მოიშორა და დანა ჩაირტყა", - აცხადებს ელისო ქირიას დეიდა ლიანა ბიბლაია.

საქმის დეტალების გასარკვევად რადიო "ათინათი" შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიამ თავი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ მოიკლა.
Print