ზოგადი
მშობლობა მარათონია და არა მოკლე გარბენი - შეხვედრა ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა მშობელთა ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა. წელს ღონისძიება მიმდინარეობს საერთო სლოგანით - "მშობლობა მართონია და არა მოკლე გარბენი". მასში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები იღებენ. კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაცია MAC Georgia უკვე მეექვსედ ატარებს. ღონისძიების პარტნიორები არიან Caritas Georgia, კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის, International Woman Association (IWA). ხოლო რეგიონულ დონეზე USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი ნესტან ბეჭვაია ერთ-ერთი იმ მშობლებს შორის, რომლებიც კონფერენციებში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ. მისი თქმით, დისკუსიებში მონაწილეობამ, სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარებამ და მხარდაჭერამ, ის მნიშვნელოვნად გააძლიერა. "პირველ კონფერენციაზე, თბილისში, 2017 წელს ერთადერთი მონაწილე ვიყავი სამეგრელოდან. დაუვიწყარია მაშინდელი ემოციები. გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, დავმეგობრდით მშობლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კონფერენციებზე ყოფნამ გამაძლიერა და მიმიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ. ჩვენ, შშმ ბავშვთა მშობლებს არ გვაქვს მოდუნების უფლება. ყოველი დაცემის შემდეგ მალევე უნდა წამოვდგეთ. მუდმივ მარათონში ვართ, სადაც გაჩერება შეუძლებელია. ამ დღეებში ვიღებ უამრავ თბილ შეტყობინებას, მშობლები აღფრთოვანებით მწერენ, თუ რამდენად სასარგებლო იყო კონფერენციის სესიები. სიხარულით ელოდნენ დღევანდელ დღესაც, ჩვენს ოფისში შეხვედრას.  სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა მოისმინეს უამრავი ისტორია გამოცდილი მშობლებისგან, საინტერესო რჩევები სპეციალისტებისაგან. მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, რათა შვილებს ჰყავდეთ ძლიერი მშობლები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონფერენციაზე მამები უფრო მეტად აქტიურობენ წინა წლებთან შედარებით", - გვითხრა ნესტან ბეჭვაიამ. MAC Georgia-ში განმარტავენ, რომ მშობელთა ეროვნული კონფერენციის მიზანია მშობლებს შესთავაზოს ის რესურსები და  გამოცდილება. რაც მშობლობას, როგორც მარათონს, უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის."მთავარი განსახილველი საკითხი ეხებოდა პოზიტიურ მშობლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც გვქონდა მშობლებთან ეხებოდა იმას, თუ როგორ შეგვიძლია პოზიტიური დისციპლინის მეთოდებით ჩავანაცვლოთ აღზრდის ტრადიციული მიდგომები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად ეფექტურია", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ნინო მიქაია.კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის აღმასრულებელი დირექტორი მედეა შალამბერიძე მიიჩნევს, რომ მსგავს შეხვედრებზე ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით, მშობლები პირველ რიგში ერთმანეთს აძლიერებენ. ამასთან, მისივე თქმით, დისკუსია რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. "ჩვენ ვართ მშობლები, რომლებიც ერთმანეთს ვაძლიერებთ, ძალას  და მაგალითებს ვაძლევთ. ვცვლით ინფორმაციას და ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს. ვიგებთ, თუ რა ხდება საქართველოს მასშტაბით რეგიონებში. დღეს ადვოკატირების თემის მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი, ასევე, იმაზე, რომ იმ სერვისების დანერგვა, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობადაა საჭირო, არის ჩვენი შვილის უფლებებისთვის ბრძოლა და ამას ყოველთვის აქვს აზრი. მნიშვნელოვანია თვითონ თემში ვიყოთ ერთსულოვანნი. ჩემი შვილი არ მეტყველებს და ხშირად ვამბობ, რომ მე მისი ხმა ვარ, მისი საჭიროების გამჟღერებელი. დიახ, მშობლობა არის მარათონი, ეს არ არის მოკლე გარბენი. ეს არის სიცოცხლის ბოლომდე ხანგრძლივი სირბილი და ბრძოლა ჩვენი შვილების უფლებებისათვის. ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ აქ არ არის მხოლოდ შშმ პირების უფლებები - მათ უკან დგანან ოჯახები, მათი დედმამიშვილები, საზოგადოება, სანათესაო და როცა მათი უფლებები არის დაცული,ოჯახის უფლებებიც დაცულია, დაცულია საზოგადოებაც. ეს იყო ჩვენი ძირითადი მესიჯი", - აღნიშნა მედეა შალამბერიძემ. 

MAC Georgia არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალურ, საგანმანათლებლო პროექტებს, მათთვის განკუთვნილ მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების სერვისების და მხარდაჭერის 90%-ზე მეტი უფასოა დაინტერესებულ პირთათვის.


Print