სპორტი
გაწვრთნის თუ არა კიევის „არსენალის“ ყოფილი მწრთვნელი „ზუგდიდს“
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდის“ ადმინისტრაცია უკრაინელ მწვრთნელ იური ბაკალოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილიმა რადიო „ათინათს“ ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრი არ ისურვა.

„იყო რაღაც სახის მოლაპარაკება, ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება, თავად გუნდს, როგორც იცით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლა გუნდის შესავსებად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უცხოელ ფეხბურთელებთან “, - აღნიშნა გელა ინალიშვილი.

იური ბაკალოვი 2007 წლიდან კიევის „არსენალის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო. 2010 წლიდან ვასილი ევსეევთან ერთად ძირითადი შემადგენლობის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ ის კიევის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 2010/11 ისევ „არსენალის“ სტრუქტურაში რჩებოდა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

ამჟამად „ზუგდიდის“ მწვრთნელი ლევან მიქაძეა. ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა.

Print