კორონავირუსი
დღეიდან სამეგრელოში ვაქცინაცია მხოლოდ ზუგდიდში გაგრძელდება
სამეგრელოს რეგიონში 9 მუნიციპალიტეტიდან, ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ზუგდიდში განხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლის ნანა ოდიშარიას თქმით, რეგიონში რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს გააჩნია და შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ აქ გაგრძელდება.

გასულ კვირაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით რამდენიმე მედიკოსი ჩხოროწყუს, აბაშის, სენაკი, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტში აიცრა. რაც შეეხება ხობსა და წალენჯიხას, 10 ადამიანი არ შეგროვდა და შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტებში 10-დოზიანი ფლაკონი საერთოდ არ გახსნეს.

ინფორმაციისთვის, 19 მარტს, მას შემდეგ რაც აცრის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციები შეცვალა. მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება.


Print