2015 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მომავალ სასესიო კვირამდე დოკუმენტს კომიტეტებში განიხილავენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დაფინანსდება დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პროექტი. 2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. საერთო ჯამში, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში ზრდა 600 მილიონ ლარზე მეტია. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ პრიორიტეტულად დაფინანსდეს და გაზრდილი დაფინანსება მიიღოს ჯანდაცვამ, ასევე პრიორიტეტად განისაზღვრება ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა და განათლების მიმართულება, სადაც დაგეგმილია ხელფასების ზრდა.
საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ხელისუფლების დაპირებები, მათ შორის სოციალური მიმართულებით. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის ამ პროექტით ხელისუფლება განვითარებაზე უარს ამბობს და ის იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომლებიც დღესდღეობით ქვეყნის წინაშე დგას, ვერ უპასუხებს.
მასალის გამოყენების პირობები