ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლით ხვდება. დილის 10:00 საათიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება სიახლეებს, სავალდებულო საგამოცდო საგნებს ემატება ერთი არჩევითი საგანი - სამოქალაქო განათლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, რომ საგანს უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლები ირჩევენ.
„შერჩევითი საგნების ნუსხაში დავამატეთ სამოქალაქო განათლება საგამოცდო საგნად. ეს იყო, ბუნებრივია, პირველ რიგში, შეთავაზება უმაღლესი სასწავლებლებისთვის და სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, არის თუ არა ეს გამოცდა მათთვის მნიშვნელოვანი კონკრეტულ ფაკულტეტზე სტუდენტის ჩასარიცხად,” - განმარტავს მაია მიმინოშვილი.
წლევანდელ გამოცდებზე არის ტექნიკური სიახლეებიც. სიახლე ეხება გეოგრაფიისა და ისტორიის გამოცდებს და მათთვის განკუთვნილი დრო, 3 საათის ნაცვლად, ორ საათნახევარი იქნება. ამასთანავე, იცვლება შეფასების ზედა ზღვარი და ის 70-დან 60-მდე შემცირდება.
მასალის გამოყენების პირობები