აბაშაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
სამართალდამცველებმა აბაშაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიების შედეგად, აბაშაში მცხოვრები, 1994 წელს დაბადებული გიორგი ს. განზრახ მკვლელობის, ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა აბაშის რაიონის სოფელ ანჯელში მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ტოტია მ, შემდგომ დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი დაწვა, მსხვერპლის კუთვნილ 17 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ბრალდებული სამძებრო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები