აბაშის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით გადაიკეტა(ვიდეო)
აბაშაში მოკლული ტოტია მესხის ოჯახის წევრება და ახლობლებმა აბაშის პოლიციასთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები იმ ორი პირის დაპატიმრებას ითხოვენ, რომლებიც მკვლელთან ერთად პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი გაათავისუფლა.
მათივე თქმით, აღნიშნულ პირებს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მესხის ოჯახის წევრებს პოლიციის მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რომელთაც პირობა მისცეს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს და მიცვალებულის დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არასასურველი შედეგის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბრალდებული სამძებრო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა აბაშის რაიონის სოფელ ანჯელში მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ტოტია მ, შემდგომ დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი დაწვა, მსხვერპლის კუთვნილ 17 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები