ზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლებს აუშენებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება, 35კვ/მ საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორმა გურგენ სართანიამ განუცხადა.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს, დაახლოებით, 20 ასეთი სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. თუმცა, გამგეობაში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამები, მათ შორის გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფა, შშმ პირების და ონკოლოგიური დააავადებების მქონე პაციენტების ერთჯერადი დახმარება და სხვა.
პროექტის მიხედვით, ერთი ასეთი სახლის მშენებლობისთვის დაახლოებით 17 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა, როგორც გურგენ სართანია ამბობს, ტენდერის შედეგად, სახლების აშენების ღირებულებამ შესაძლებელია დაიწიოს და დაგეგმილზე ერთი ან ორი სახლით მეტი აშენდეს.
"გვყავს ისეთი ოჯახები, რომლებიც ერთი ოთახის გარემონტებას ითხოვენ. ამას აზრი არა აქვს, რადგან მომავალ წელს ასეთ სახლებს კვლავ დასჭირდება რემონტი. ჩვენ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაზე გავთვალეთ, რადგან ამა თუ იმ ოჯახის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს", - განაცხადა გურგენ სართანიამ.
მისივე თქმით, სპეციალურ კომისიაში ჩართული იქნებიან, როგორც საკრებულოსა და გამგეობის ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები