"თქვენ ქვეყანას ხალხისთვის წართმეული ფულით აშენებდით" - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს 7 თვის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობდა, დეპუტატი თენგიზ ხარჩილავა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
ლევან კონჯარიამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს და ქვეყანაში, ზოგადად, რთული ვითარებაა შექმნილი.
"ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, მშენებლობები გაჩერებულია და ამას ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ", - თქვა ლევან კონჯარიამ.
კონჯარიას ამ სიტყვებმა დეპუტატ თენგიზ ხარჩილვას, რომელიც საკრებულოში "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია-" კვოტით გავიდა, გულისწყრომა გამოიწვია. მან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს უთხრა, რომ ისინი ქვეყანას ხალხისთვის წართმეული ფულით აშენებდნენ.
"მაგალითად კოკაია, რომელიც თუ არ ვცდები საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მენეჯერი იყო. თქვენმა პარტიამ ამ ადამიანს 2 მილიონი წაართვა და ახალციხის განვითარების ფონდში ჩაარიცხვინა. აი,ასე აშენებდით თქვენ,ბატონო ლევან", - თქვა თენგიზ ხარჩილავამ.
თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თენგიზ ხარჩილავას ნინო ბურჯანაძის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პოლიტიკურ კავშირზე მიუთითეს.
მასალის გამოყენების პირობები