Samuel Goldwyn Films-მა “მანდარინების” სადისტრიბუციო უფლება შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაზა ურუშაძის ნამუშევარს, რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი, ამერიკულ კინოთეატრებშიც უჩვენებენ. კომპანია აპირებს, შტატებში ქართულ-ესტონური პროდუქტის პრემიერა რაც შეიძლება მალე შედგეს, რათა ამერიკელმა კინომოყვარულებმა თავადვე შეძლონ ოსკარის ნომინანტის შეფასება.
ფილმი მოგვითხრობს მოხუც ესტონელ კაცზე, რომელიც მოწინააღმდეგე რაზმების ორ დაჭრილ ჯარისკაცზე ზრუნავს. სიუჟეტი 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება. ვინაიდან “მანდარინები” ესტონურმა Allfilm-მა დააფინანსა, ნამუშევარი ოსკარზე სწორედ ესტონეთის სახელით ასპარეზობს. Allfilm-თან ერთად ფილმს ქართული “კინო 24″-იც აწარმოებდა. პროდუსერებიც ესტონელი ივო ფელტი და ქართველი ზაზა ურუშაძე არიან. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებლებს, მონაწილეთა სიაში შედიან მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნუგანენი, რაივო ტრასი და სხვები.
ჯერჯერობით უცნობია ამერიკული პრემიერის ზუსტი თარიღები.
მასალის გამოყენების პირობები