მრგვალი მაგიდა- დევნილთა საცხოვრებლის უფლებასა და პრობლემებზე (ვიდეო)
"დევნილთა საცხოვრებლის უფლება და არსებული პრობლემები”, ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილებმა ერთობლივად, საიას ზუგდიდის ოფისში იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საცხოვრებლის უფლებაზე, ეროვნული კანონმდებლობით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და საცხოვრებლის უფლება საერთაშორისო აქტებისა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით განიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, საიას ზუგდიდის ოფისის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის „დევნილთა ისტორიების“ ჩვენება მოეწყო.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახური, დევნილთა სამმართველოს, აფხაზეთის მთავრობის, ევროკავშირის, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"დღევანდელი მდგომარეობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, რომელიც გათვლილია 320 ოჯახზე, ბინებზე განაცხადი ოთხიათას ოთხმოცდაათმა ოჯახმა შეავსო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევები, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრუდება. რაც შეეხება დევნილთა შესახლების პროცესს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ეს ინფორმაცია საჯარო იქნება და გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.”-აცხადებს აჭარისა და სამეგრელო ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ნარსია.
მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე იგეგმება დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტზე ტენდერია გამოცხადებული, როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები