„2014 წლის 20 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2 წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
გამგეობის სამსახურების მიერ მომზადდა შესაბამისი მასალები საჯარო ინფორმაციის გასაცემად, მათ შორის, გამგეობაში დაცული დოკუმენტაციის ასლები. 2014 წლის 28 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს გამგეობიდან წერილობით ეცნობა გასაცემი საჯარო ინფორმაციიდან 237 ფურცელზე „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შესახებ (წერილის ელექტრონული ასლი ასევე გაიგზავნა გამგეობის ელექტრონული ფოსტით).
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხრიდან მოწოდებულ იქნა მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, თუმცა მოსაკრებელი გორის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე გადახდილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგეობის ელექტრონული ფოსტით შესაბამისი შეტყობინება გაიგზავნა დანიშნულებისამებრ, საიდანაც მიღებულ იქნა განაცხადი სახაზინო კოდზე არასწორად გადახდილი თანხის შესაბამის სახაზინო კოდზე გადატანის შესახებ.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მიწერილობებისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხრიდანაც საკითხის მოწესრიგების მცდელობებისა, მოსაკრებლის თანხა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაცემულა.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ, გამგეობამ თავის მხრივ დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ 2014 წლის 10 დეკემბერს გაგზავნილ „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშშიც“ და იგი გამომდინარეობდა კანონით დადგენილი ვალდებულებებიდან, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის თვალსაზრით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელებას ვერ დავეთანხმებით, მით უფრო, როდესაც გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა ორგანიზაციასთან.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წუხს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ურყევ პოზიციას გამჭვირვალობის კუთხით და მზადყოფნას - მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში გაცემასთან დაკავშირებით."-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები