მულტიმედია
აგვისტოს ომის აფხაზეთიდან დევნილი გმირები (ფოტო, ვიდეო)
ბადრი ბერანძე

ცხინვალში ბეტეერით შევდივართ, მაგრამ აფხაზეთში ჩვენი ფეხით შევალთო - ამბობდა 2008 წლის 8 აგვისტოს ბადრი ბერანძე ცხინვალში შესვლისას, თუმცა მისთვის საკუთარი 22-ე დაბადების დღე საბედისწერო აღმოჩნდა. აფხაზეთიდან დევნილი  მებრძოლის სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე, რუსეთ-საქართველოს ომში, ოკუპირებულ სამაჩაბლოში დასრულდა.

ბავშვობიდან უშიშარი, უსამართლობასთან მებრძოლი, კეთილი ბიჭი 17 წლიდან სამშობლოს სამსახურში იყო. ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა, შემდეგ კი კონტრაქტით  ვაზიანში, ბოლოს კი გორის პირველ ბრიგადაში მსახურობდა. ომში ზუგდიდიდან წავიდა.

„უყვარდა ეს ფორმა, შინაგან ჯარში გადადიოდა სულ, მათთან კონტაქტობდა, მოუსვენარი და უშიშარი იყო. ფორმით აფხაზეთშიც იპარებოდა, მოინახულებდა ნათესავებს და წამოვიდოდა, იმ დღეს დავუშალე, არავის გამოუძახია, მაგრამ ჩემები იქ არიან და მეც იქ უნდა ვიყოო, მითხრა“, - გვიყვება ბადრის დედა ელისო სიგუა.


ბოლოს ოჯახის წევრები ბადრის 8 აგვისტოს ესაუბრნენ, როცა დაბადების დღე მიულოცეს. უკვე ცხინვალისკენ მიმავალმა ჯარისკაცმა მშობლებს და მეუღლეს უთხრა, რომ არ მასზე არ ენერვიულათ. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა, ოჯახი კი 7 თვე მის პოვნას უშედეგოდ ცდილობდა.

“ძველი ფორმები ჩაუცვამს და ფორმაზე წარწერა არ ჰქონია. მეთაურს უთქვამს, არ წაგიყვანო, იქვე ნემსი და ძაფი მოუძებნია და მიუკერებია თვითონ. 8-ში დილას დაბადების დღე მივულოცეთ, მითხრა , ცხინვალში ვართო, ჭკვიანად-მეთქი, ვუთხარი, არაფერიაო საშიშიო, მერე შუადღეს დავურეკე და მორჩა. ამასობაში, აქეთაც იბომბებოდა, ბავშვები ქობულეთში  წავიყვანეთ და მე ჩემი შვილი, რძალი და მეზობელი გორში წავედით საძებნად. იქ რომ ვერ ვნახეთ, თბილისში წავედით, საავადმყოფოებში ვეძებდით, თურმე, მუხათგვერდის სასაფლაოზე ვიყავით... ბიჭები რომ გადმოასვენეს, მე იქ არ ვიყავი, თორემ ვიცნობდი ჩემს შვილს“, - გვიყვება ბადრის მამა ცრემლიანი თვალებით.

ოჯახს ნაწილის მეთაურმა უთხრა, რომ ბადრიმ ჯერ დაჭრილები გამოიყვანა, შემდეგ მიცვალებულები. როგორც მშობლებმა გვითხრეს, ბეტეერის შეკეთებას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ ტანკებისკენ წასულა. სწორედ ამ დროს დაბომბეს რუსებმა ეს ტერიტორია, ბადრიც ამ დაბომბვას ემსხვერპლა... თვეების შემდეგ, როდესაც ბერანძეებს იმედი მისცეს, რომ მათი დნმ არცერთი მიცვალებულის დნმ-ს არ დაემთხვა და ტყვეებში უნდა მოეძებნათ, მამამ რუსების გადაღებულ ვიდეოში საკუთარი დაღუპული შვილი ნახა.

„ ტრიალ მინდორზე მიდის, ამ დროს  ქარსაფარი დაიმობმა და ნატეხი მოხვდა, მინდორზე იწვა... წარწერა, სახე ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა და იკითხებოდა... სიგარეტი გვერდზე ედო. ერთი თვის შემდეგ, როცა გვითხრეს, რომ, სავარაუდოდ, ჩვენი შვილი გარდაცვლილებს შორის იყო და მე მისი სხეული ვნახე, თითი ჰქონდა მოკეცილი, როგორც იმ ვიდეოში. ამით დავრწმუნდი, რომ ჩემი იყო“, - იხსენებს აფხაზეთის ომის მებრძოლი ოთარ ბერანძე.

გმირის დედ-მამა ამბობს, რომ ყველაზე მეტად აფხაზეთი უყვარდა და იქ დაბრუნებაზე ოცნებობდა.

დევნილები რომ გახდნენ, პირველ კლასში იყო. მამამ ოჯახი ქობულეთში წაიყვანა. სკოლაც იქ დაამთავრა. მამა იხსენებს, რომ მოუსვენარ და მიზანდასახული მისი შვილი უსამართლობას ვერ იტანდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა და სულ ცდილობდა, სიკეთე ეკეთებინა.

„ქობულეთში ერთი ხელმოკლე ოჯახის შვილი იყო. ერთხელ დავინახე, ზუსტად ჩემნაირი სპორტული შარვალი აცვია. ბადრიმ მაჩუქაო, ასე მითხრა. ბადრის რომ ვკითხე, ჩემი შარვალი მიგიცია-მეთქი, შენ ორი გქონდა  და მას საერთოდ არ ჰქონდაო, მიპასუხა“, - გაიხსენა ჩვენმა რესპონდენტმა.

ჯარისკაცი იყო, როდესაც ცოლი შეირთო და 18 წლისას უკვე საბა ჰყავდა. 16 წლის ლინდა და 17 წლის ბადრი ერთ უბანში ცხოვრობდნენ და მალევე გაიპარნენ. ერთად ყოფნის 4 წლიდან ლინდა ბევრ ძვირფას მოგონებას ინახავს, ამიტომაც არ შეეშინდა და არც დაფიქრებულა, 8 აგვისტოს გორში ქმრის საძებნელად თავადაც წასულიყო. ახლა საბას ეუბნება, რომ გმირი მამის შვილია და უნდა გაუფრთხილდეს მის სახელს.

„ძალიან ვამაყობ, რომ გმირის ცოლი მქვია და ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილის მას ჰგავს ფიზიკურადაც და ხასიათითაც. ბევრი საერთო გეგმა და ოცნება გვქონდა, მათ შორის, ძალიან უნდოდა, გოგო ჰყოლოდა...“, - ამბობს ლინდა და ყოველი წინადადების ბოლოს ცრემლებს იწმენდს.

14 წლის საბას მამა არ ახსოვს და არც მასზე საუბრობს.

მათი სახლი ზუგდიდში, დევნილების საცხოვრებელ კორპუსში, ბადრი ბერანძის ქუჩაზე მდებარეობს. კედლებზე ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცის ფოტოებია განთავსებული. 8 აგვისტოს, ტრადიციულად, მათ ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან - ბადრის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს მასთან, საფლავზე გაატარებენ.

სერგო გოროზია

„იმით ვცხოვრობ, რომ გმირის დედა ვარ“, - ამბობს მზია გოროზია და საკუთარი 20 წლის გმირულად დაღუპული შვილის ამბავს ყვება.  სოხუმელ სერგო გოროზიას ჯარში მსახურება 7 თვის დაწყებული ჰქონდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ომი დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბიჭისთვის, რომელსაც მამა სოხუმში მოუკლეს და სახლში დედა და და დარჩა, ქართულ ჯარში მსახურება რისკი იყო, თუმცა დედა ამბობს, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, სისხლში ჰქონდა. მისი მეგობრები შემდეგ მოყვებიან, რომ სერგოს ომში წასვლა უხაროდა, რადგან გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

„ბიჭებიც ამბობდნენ, ისე გულანთებულად მივდიოდით, პატრიოტულად, მოტივაციით, სერგოს უხაროდა ომში წასვლა... ასე ამბობდაო,  ერთხელ და სამუდამოდ იყოს ეს ომი და დამთავრდეს ისე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, დარჩენილებმა ერთიან საქართველოში იცხოვროს, მაგრამ არის კი ახლა ასე? მათ თავები გაწირეს, მაგრამ ჩვენ ისევ გაურკვევლობაში ვართ“, - ამბობს სინანულით სერგოს დედა.

ბოლოს 7 აგვისტოს ესაუბრა. იხსენებს, რომ სერგო ომახიანი ხმით ესაუბრა. მაშინ არც უფიქრია, რომ რამე საგანგაშო იყო და ამაში თავს იდანაშაულებს. სერგომ დედას ტელეფონში სთხოვა, მის სახელზე ელოცა.

„მე კარგად ვარ, განგაში იყო და ცოტა გავიარ-გამოვიარეთ, მაგრამ ახლა ვიძინებთო. მერე მითხრა, დედიკო, იქნებ ჩემს სახელზე სანთელი დაანთოო. ამ სიტყვების მერეც კი არ მიფიქრია, რომ რამე იყო საშიში, სანამ ტელევიზორი არ ჩავრთე და ჩემი თვალით არ ვნახე, რა ხდებოდა. მერე ვრეკე ჩემს შვილთან, მაგრამ ვინ გამცა ხმა...“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ამის შემდეგ საბერიოდან შვილთან ერთად არაერთი დაბრკოლება გამოიარა და თბილისში ჩავიდა. სერგოს ნაწილის მეთაურმა უთხრა, რომ სავარაუდოდ, მძიმედ დაჭრილი მისი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილი, თუმცა ახლა უკვე იცის, რომ მაშინ სერგოს სიკვდილის ამბავი ყველამ იცოდა...

„მე როცა ომახიანი ხმით მესაუბრებოდა, თურმე, სოფელ-სოფელ დადიოდნენ, მშიერ მწყურვალები...  როგორც შემდეგ მომიყვნენ, მოწინააღმდეგის მსხვილი ობიექტი აუფეთქებია. ამის შემდეგ კი ცხინვალის მისადგომებთან, ე.წ. ნაძვნარის ტერიტორიის აფეთექბის დროს, ნამსხვრევი მოხვდა. ფოტოც ვნახე და დნმ-ის გარდა, ესეც მაჯერებდა, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის“, - გვიყვება რესპონდენტი.

გმირი შვილით ამაყობს, თუმცა დასძენს, რომ, რა თქმა უნდა, ეს დიდი წუხილია. როდესაც ნოემბერში, ქალიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ დნმ დაემთხვა, უდიდეს მწუხარებასთან ერთად სიხარულიც იგრძნო.

„დავიწყე ხმამაღლა მოთქმა, რომ ჩემმა შვილმა, ასე მჯერა, მაშინვე დალია სული და გიორგი ანწუხელიძის მსგავსად არ უტანჯია. ისე დაიღუპა, რომ გულანთებულს მარცხის ამბავი არ გაუგია, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სჯეროდა, საქართველომ გაიმარჯვა. მეგობრები ამბობენ, მეორე სიცოცხლე რომ ჰქონოდა, ისევ იმავეს იზამდაო, რადგან ღრმად სწამდა, რომ ეს ქვეყნის გადარჩენისთვის მიმდინარე ომი იყო“, - ამბობს მზია გოროზია.

ახლა სერგო გმირ თანამებრძოლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. სერგოს დედა და და კი პატარა სერგის, გმირი ბიძის მოსახელეს ზრდიან.


2008 წლის აგვისტოს ომში 170-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის, ზუგდიდელი დავით ჯიქია და კობა სერგიაც არიან.

მხედრული მამაცობის მედლით დაჯილდოებული კაპრალი 20 წლის დავით ჯიქია თამარაშენის დაბომბვის დროს დაიღუპა. ცხინვალში გმირულად დაეცა კაპიტანი 33 წლის კობა სერგია, რომელიც უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედლითა დაჯილდოებული და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია.  

ბადრი ბერანძე და სერგეი გოროზიაც ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.







Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / სექტემბერი 2019
საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ხობელი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) ყაზახეთში
14 / სექტემბერი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია“.
14 / სექტემბერი 2019
"სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ", - ამ სლოგანით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ,
საზოგადოება
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება.
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.
კლინიკა მედი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, 20 წელია რაც წარმატებით ფუნქციონერებს და ესთეტიკურ მედიცინაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.