ახალი ამბები
„ღანდამ“და მზის ფორმის სარიტუალო ხაჭაპური სამეგრელოდან (ფოტო,ვიდეო)
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამეგრელოში გასტროტური მოაწყო და რამდენიმე ტურისტულ ლოკაციას ესტუმრა.

კულინარული ექსპედიციის ფარგლებში, ორგანიზატორები საოჯახო სასტუმრო „Casa de Khasia“-ში იმყოფებოდნენ. საგანგებოდ ამ დღისთვის მასპინძლებმა ძველი რეცეპტით ორი სხვადასხვა სახეობის - მეგრული, მზის ფორმის სარიტუალო და „ღანდამ“ (ღობიანი) ხაჭაპური დაამზადეს.

„დღეს აქ გავაცოცხლეთ „ღანდამ“ ხაჭაპური, ასევე საკურთხის ხაჭაპური, რომელსაც მზის ფორმა აქვს. სამეგრელოში ზოგადად მზის და რძის კულტია. თედო სახოკია წერს: „ჭყიშებთან“ (მწყემსებთან) ვიყავი, ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რძესთან. ვკითხე, რა სასწაულები ვართ ეს მეგრელებიო, რძეს და მზეს „ბჟას“ ვეძახითო. კარგა ხანს პასუხი არ გამცა მოხუცმა „ჭყიშმა“ და მერე მითხრა, ორივე ღმერთიაო, რძეც და მზეცო“. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. რაც შეეხება „ღანდამ“ ხაჭაპურს, ღანდა მეგრულად ღობეა, ეს ორყველიანი მეგრული ხაჭაპურია. თხელი ვერ იქნება, რადგან შიგნით აქვს ჭყინტი ყველი, მწიფე, რომელიც მზადაა რომ სულუგუნი გაკეთდეს. ზემოდან უკეთდება ცომის ღობე და იქ იყრება უკვე სულუგუნი, არის ძალიან ნოყიერი, რასაკვირველია, საუკეთესო და საუცხოო“, - ჰყვება გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელი დალი ცატავა.

გასტროკულტურის მკვლევარი ამბობს, რომ ასეთი გზით დამზადებული ხაჭაპური უნიკალური და გამორჩეულია. მისი თქმით, ტურის ფარგლებში, სამეგრელოს ძირძველი ტრადიციებისა და რეცეპტების გაცოცხლებას გეგმავენ.
დალი ცატავა ყვება, რომ სამეგრელოს კულინარიულ წარსულში მნიშვნელოვანი ადგილი რძეს და მისგან წარმოებულ პროდუქტს უკავია. მან აღნიშნა, რომ მეგრელები საპატიო სტუმრისთვის გამორჩეულ კერძებს სწორედ რძის გამოყენებით ამზადებდნენ.

„განსაკუთრებულ სტუმარს ყველაფერს უხარშავდნენ რძეში. მაგალითად, „ხოზო კვარების“ დამზადება, ერთგვარი კლანური რიტუალი იყო. ამ კვარებს თვალის ფორმა აქვთ. ოჯახი, საგვარეულო იკრიბებოდა, ოჯახის უფროსი „საოხვამეროს“ (ლოცვას) ამბობდა, წარმოითქმებოდა საკრალური სიტყვები და ყველასთვის იხარშებოდა „ხოზო კვარები“. საპატიო სტუმრისთვის ხორციც რძეში იხარშებოდა, ხაჭაპურის ცომიც რძეში იზილებოდა. ასე რომ, მეგრელების გასტრონომიულ კულტურაში რძე და რძის კულტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურანტია“, - ამბობს ცატავა.

ის მიიჩნევს, რომ პატარა ერისთვის დამახასიათებელი რიტუალები და კერძები, სწორად მიწოდების შემთხვევაში ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი და მომგებიანია.

ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა დოლიძე თვლის, რომ ხაჭაპურის ტრადიცია მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება.

„ჩემი და ლევან ქოქიაშვილის ინიციატივით ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ ხაჭაპურს იუნესკოზე წარვადგენთ. ამ ინიციატივის მთავარი საფუძველი იყო კვლევა, რომელიც შევქმენით 12 მეცნიერთან ერთად და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მის გამოქვეყნებას. დაახლოებით, 30 სახეობაზე მეტი ხაჭაპური არსებობს საქართველოში, მათ შორის, მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს მეგრული ხაჭაპური. არ არსებობს რეგიონი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური ხაჭაპური არ ექნება, რეგიონის სული არ იქნება ჩადებული თითოეულში. ძალიან დიდი ვარიაცია და მრავალფეროვნება გვაქვს და ეს ჩვენი სიამაყეა. ხაჭაპურს ბევრად ფართო მნიშვნელობა და შინაარსი აქვს ქართველი ერის ცხოვრებაში, ის მონაწილეობს რიტუალებში, მას აქვს სხვადასხვა საკრალური მნიშვნელობის დატვირთვა“, - ამბობს ნანა დოლიძე.

Casa de Khasia-ში „ღანდამ“ ხაჭაპური ნარაზენელმა ციცანა ქვარაიამ მოამზადა და რეცეპტიც გაგვანდო.

„ცომის მომზადებას სჭირდება ფქვილი, რძე, კარაქი და საფუარი. რომ მოვზილავ და ამოვა, გავაბრტყელებ, დავაყრი ყველს, შემოვკეცავ, შიგნით ჭყინტი ყველია. გახურებულ „ანგურაზე“(აგურზე) დავდებ, ზემოდან „ღანდას“ - ანუ ღობეს ვუკეთებ და შემდეგ სულუგუნს ვაყრი. ქვემოთ ფოთოლს ვუფენ, რომ არ მიიწვას, დავაყრი ნაკვერჩხალს და გამოცხვება ხაჭაპური. „ღანდამ“ ხაჭაპურს დედაჩემი აცხობდა, მისგან ვისწავლე და ხანდახან ვაცხობ“ , - ამბობს ცისანა ქვარაია.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის რეგიონალური სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და მონაცემების შეგროვება, არამატერიალური მემკვიდრეობის და კულტურული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, გასტრონომიული კულტურა სრულიად შესაძლებელია რეგიონის საიმიჯო რესურსი გახდეს.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტი USAID Zrda-ს თანადაფინანსებით მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.