სტატია
4 დღიანი ფესტივალის შემდეგ დაცლილი ანაკლია - ადგილობრივების შეფასება (ფოტო, ვიდეო)
ოთხდღიანი მუსიკალური ფესტივალის "Echowaves - 2019"დასრულების შემდეგ დამსვენებლები ანაკლიას ტოვებენ. ვიზიტორების უმეტესობა ფესტივალის დამთავრების ღამეს, ხოლო ნაწილი მეორე დღეს გაემგზავრა. საოჯახო სასტუმროს მფლობელები წლევანდელი სეზონით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ამჟამად ანაკლიის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ ეს ფესტივალია. ისინი გამოსავალს ანაკლია - განმუხურის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ხედავენ.

საოჯახო სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“ მფლობელი მარინა თოდუა მიიჩნევს, რომ ფესტივალი უფრო ხანგრძლივი დროით უნდა ტარდებოდეს, რადგან მისივე თქმით, დამსვენებლების უმრავლესობა აქ მხოლოდ ამის გამო ჩამოდის.

„აგვისტოს დასაწყისში სტუმრები საერთოდ არ გვყავდა, სიტუაცია აგვისტოს მეორე ნახევარში უფრო გამოსწორდა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დღეს ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, არავის არ აინტერესებს. უნდა ვიცოდეთ, უნდათ თუ არა ანაკლია - განმუხური ტურისტულ ადგილად იქცეს. თუ არა, ჩვენც არ ავიღებთ ამხელა სესხებს. ზუგდიდში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მიდიან სვანეთში, ვერ ნახავენ ვერც ერთ ბანერს, რომელზეც ანაკლიის შესახებ იქნება ინფორმაცია. ანაკლიას ცნობადობა აკლია, რეკლამა აკლია და როცა ეს ყველაფერი იქნება, ტურისტებიც იქნებიან“, - ამბობს მარინა თოდუა.

ადგილობრივები რადიო „ათინათთან“ ყვებიან, რომ წელს ანაკლიაში უფრო მეტი შიდა ტურისტი იყო ჩამოსული, ვიდრე უცხოელი, რაც მათივე თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის ბრალია. ისინი ამბობენ, რომ ხშირად ითიშება ელექტროენერგია, წყდება წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ამასთან,  სანაპირო ხშირად დაბინძურებულია, რაც ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.

„ტურისტების ნაკლებობა შეიძლება გამოსწორდეს, თუ მიექცევა ინფრასტრუქტურას ყურადღება. ძალიან გამიკვირდა ერთი კვირით ადრე გადათხარეს ბორდიურები, ფესტივალის დღეს, როდესაც ასეთი გადატვირთული იყო მოძრაობა, ღებავდნენ მას. რატომ არ ხდება ეს ერთმანეთთან შეთანხმებით, რომ იმ დღეს არ მოხდეს ყველაფრის გაკეთება. ჩვენ სეზონს მომზადებულები შევხვდით, მოუმზადებელი იყო ის, ვინც იმ დღეს აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას. დამსვენებლები მოდიოდნენ და ამბობდნენ  სანაპირო დასუფთავებული არ არისო. ხიდი, რომელიც ანაკლიის სავიზიტო ბარათია, წინა დღეს განათდა. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ადრე მოწესრიგდეს. შუა ტურისტულ სეზონში წამდაუწუმ შუქის, გაზის და წყლის გამორთვა შეიძლება?! დამსვენებელი, რომელიც აქ პირველად ჩამოდის და თავს არაკომფორტულად გრძნობს, მეორედ აქ არ ჩამოვა“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

მურმან შედანია, რომელსაც ექვს წელზე მეტია საოჯახო სასტუმრო აქვს, ამბობს რომ წელს  ოთახები მხოლოდ ოთხი დღით გააქირავა, ხოლო დამსვენებლები ფესტივალის დასრულებისთანავე წავიდნენ. ამბობს, რომ ასეთი შემოსავლით ვერ გამდიდრდება, მაგრამ ოჯახს მცირე შემოსავალი მაინც რჩება.

„არაუშავს შარშანდელთან შედარებით. უცხოელებიც იყვნენ, თბილისელებიც და ქუთაისელებიც. ფესტივალის დამსწრე ხალხი იყვნენ, თუმცა უკვე წავიდნენ. 15 ადამიანის ადგილია და ყველა გაქირავებული იყო. ამ ფესტივალის გარდა აქ არაფერი არ არის. მხოლოდ ეს ოთხი დღე აისახება, როგორც ჩემზე, ასე მეზობლებზე. ამით ვერ გამდიდრდები, მაგრამ პურის ფულს იშოვი. სხვა დროს ვინც ჩამოდის, არაფერი არ აქვთ, ბანანივით გაფცქვნილია ხალხი“, - ამბობს მურმან შედანია.

წლევანდელი წლით უკმაყოფილოა გურამ ლაგვილავაც, რომელსაც ოთახების დიდი ნაწილი გაუქირავებელი დარჩა. გვეუბნება, რომ წელს ფესტივალსაც ნაკლები ვიზიტორი ჰყავდა, რაც ბიზნესზეც აისახა.

„პირველი წელი, როდესაც „კაზანტიპი“ ჩატარდა, კარგი იყო. შემდეგ „ჯემ ფესტის“ პირველი წელი ცუდი, მომდევნო წლებს კი  არაუშავდა და ახლა კვლავ ცუდი გამოდგა. სამი ათასი კაცი თუ ჩამოვიდოდა, მთელს ანაკლიას მოიცავდა. ახლა ამბობენ, შვიდი ათასამდე ადამიანიო,მაგრამ ეს ასე არაა. წელს არ იყო სასტუმროში ხალხი. უფრო იყვნენ თბილისიდან ჩამოსულები, საკუთარი ტრანსპორტით და წავიდნენ. წელს უცხოელების ნაკლებობაც იყო. სასტუმრო მაქვს 30 ადამიანისთვის, მაგის გარდა მეზობლის სახლსაც ვაქირავებ. შარშან ადგილი არ მქონდა, წელს გასაქირავებელი დამრჩა. მარტო დალევა და ცეკვა, ხომ არ არის. ეს ყველაფერი ადგილობრივებზე და ეკონომიკაზეც უნდა აისახებოდეს. ჩემს გარშემო ყველა უკმაყოფილოა“, - თქვა გურამ ლაგვილავამ.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, წელს ანაკლიას გაცილებით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მათ რაოდენობაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ანაკლია-განმუხურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. გარდა ამისა, ამბობენ, რომ იქ გამართული მუსიკალური ფესტივალები სწორედ აღნიშნული კურორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

„ანაკლია - განმუხურის ტერიტორიაზე დღესაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ეტაპზე, ანაკლია-განმუხურის ბულვარში, ველოსიპედის და ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. სანაპირო ზოლზე დაირგა სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი და შეიცვალა გარე განათება. ანაკლიაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მთავარ მოედანზე, მონიტორზე განთავსებულია ვიდეო რგოლი და ანაკლიის ცენტრში საინფორმაციო ბანერი. ახლო მომავალში, ამ მიმართულებით იგეგმება რკინიგზის სადგურსა და დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორების განთავსება, სადაც შავი ზღვის სანაპირო კურორტის შესახებ ვიდეო რგოლი იტრიალებს. ასევე დასუფთავების სამსახური მუდმივად ცდილობს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი იყოს დასუფთვაებული და მოწესრიგებული, რათა დამსვენებლებს შეექმნათ ამ მხრივ კომფორტი. ძალიან კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით მოქალაქეებიც გააქტიურდებიან და სანაგვე ყუთს თავის დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ“, - ამბობენ მერიაში.
Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. წელს სახელმწიფომ ფესტივალის ჩასატარებლად 2 მილიონ 559 600 ლარი გამოიყო. Echowaves ოთხი დრის განმავლობაში მიმდინარეობდა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.