ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტზე მუშაობა ადგილობრივ მთავრობას დაჩქარებული წესით მოუწევს
ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისა და წარდგენის ვადები დარღვეულია. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ დაწყებული არ არის. თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი აღნიშნულს არა ადგილობრივი ხელისუფლების შეცდომას, არამედ კანონმდებლობის ხარვეზს უწოდებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ მერიიდან საკრებულოში ბიუჯეტის შეტანის სპეციალური ვადები არ დაუდგენიათ.

„კანონმდებლებმა ეს ვერ გაითვალისწინეს. რა თქმა უნდა, მოუწევთ დაჩქარებული წესით ბიუჯეტის მიღება, რადგან შეტანას, განხილვას, პროცედურებს თავისი დრო სჭირდება“, - აღნიშნა მელაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, სხვა გაერთიანებული მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ზუგდიდის თემსა და ქალაქის მერიას მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გაუმართავთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანისას უნდა მომხდარიყო აღნიშნული რისკის გათვალისწინება და შესაძლებელია ახალი მუნიციპალიტეტებისათვის ბიუჯეტის წარდგენის სპეციალური ვადები დაეწესებინათ.

„ფაქტია, რომ საბიუჯეტო ვადები დაირღვა. იმედია, ბიუჯეტის წარდგენის პროცესი დიდ ხანს არ გაიწელება, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ვაპირებთ ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩართვასაც“, - აცხადებენ TI-ში.


ახლადშექმნილი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას განმარტებით, ამ ეტაპზე მერიის სამსახურების დაკომპლექტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყება.

„ახლა მთლიანად ვართ გადართული, რომ მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას შეუდგეს. ჯერ მილევადი ბიუჯეტიც უნდა წარვუდგინოთ საკრებულოს. სავარაუდოდ, ერთი კვირში, მერიის მუშაობის დაწყებიდან დაუყოვნებლივ დაიწყება 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა“, - აღნისნა ბოკუჩავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართა. რაც შეეხება ქალაქის მერიას, უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ მერი შეუდგა, თუმცა მერიის სამსახურების უმეტესობა ამ დრომდე დაკომპლექტებული არ არის.
Print