ახალი ამბები
"კურიერის" ჟურნალისტებმა ზუგდიდის უფასო სასადილოზე მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვიეს. ტელეკომპანიის წინააღმდეგ ქარტიაში საჩივარი ზუგდიდის მერიამ შეიტანა. სადავო სიუჟეტი ეხებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, „კურიერში” მიმდინარე წლის მარტიში მომზადებულ სიუჟეტს „კვება 97 თეთრად“, არასწორ ინფორმაციას და მონაცემებს შეიცავდა. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტებმა დაამახინჯეს ფაქტები და გაატარეს ერთი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის ინტერესები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერის ოპონენტია და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. გარდა ამისა, მერიაში ამბობენ, რომ ჟურნალისტებმა არასწორად დაუკავშირეს სასადილოს თემა დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების საკითხს.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპზე დარღვევა არ დაუდგენია.
Print