ახალი ამბები
"ჩვენ გეძებთ შენ" - დასაქმების ფესტივალი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ეზოში დასაქმების ფესტივალი სახელწოდებით „ჩვენ გეძებთ შენ“ გაიმართა. სამსახურის მაძიებლებს 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ვაკანსიები და სტაჟირებები წარუდგინეს. აღნიშნული ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, უმუშევრობის პრობლემა აქტუალურია და  ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობას.   

„დღემდე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება დასაქმება. ამდენად, ყოველი ღონისძიება, რომელიც დასაქმების თემატიკას ეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან აქ წარმოდგენილი შეეცდებიან, რომ იპოვონ მათთვის საჭირო თანამშრომელი და დაასაქმონ ისინი“, - აღნიშნა ქვარაიამ.


ფესტივალის ორგანიზატორის HR Hub-ის დირექტორის ანა ნავდარაშვილის თქმით, მათი მოლოდინია, რომ დღევანდელი ღონისძიების შედეგად მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება.

„ეს არის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს აქტიური ვაკანსია. დღეს დადიანების სასახლის ეზოში ადამიანებს შეუძლიათ გაესაუბრონ ამ კომპანიებს და იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რეგიონებზე“, - თქვა მან.



აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი წულეისკირმაც. მისი თქმით, დასაქმების მსურველთა რამდენიმე CV უკვე მიიღეს.

ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს წარმატებული ადამიანების გამოსვლები კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების მიერ შესრულებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჰიმნი "ჩემი საქართველო აქ არის" გაჟღერდა.

ფორუმს  საჯარო მოხელეები,  ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.  

ღონისძიება StudentJob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა. ზუგდიდში, ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, USAID-ის პროექტი ,,ზრდა" და World Vision საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.

რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და კრედო ბანკის ხელშეწყობით.




Print