ახალი ამბები
არასამთავრობოები: მოსახლეობამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრებო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია  მერის ლაშა გოგიას მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება. მათივე თქმით, მერი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე და მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს მისი გადადგომის მიზეზები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ ჩნდება კითხვები, ხომ არ უკავშირდება მერის ეს გადაწყვეტილება ახალი გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

„აღნიშნული განცხადება ფეისბუქზე გავრცელდა, თუმცა უტყუარი მას შემდეგ გახდება, როდესაც ოფიციალურად დადასტურდება. მე, როგორც ვიცი მერი ორშაბათს გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას და იმედი მაქვს ისაუბრებს გადადგომის მიზეზებზე. ჩვენ გვიჩნდება კითხვები, ხომ არ უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას ის გარემოება, რომელიც წინ უძღოდა ახალი გუბერნატორის დანიშვნის დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ზუგდიდში ჩამოსვლას და  მათ მიერ გაკეთებული განცხადებებს, როდესაც ისინი რამდენიმე მერს სთხოვდნენ თანამდებობის დატოვებას. ასევე, გვახსოვს მერის განცხადება, რომ მისთვის არავის უთხოვია თანამდებობის დატოვება და ის იყო ხალხის არჩეული მერი. მერე მოხდა ის, რომ სუს-ში დაიბარეს და მალევე დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ. შესაბამისად, ჩნდება კითხვები და  ხალხს უნდა გაეცეს პასუხი თუ რატომ მოხდა, მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არ უნდა იყოს ზემოდან ჩარევა , ვინაიდან ის არის დამოუკიდებელი და არჩეული პირი“, - ამბობს ჭკადუა.

ლაშა გოგიას სუს-ში დაბარებიდან მალევე თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის კოორდინატორს არჩილ თოდუასაც.

„პირველ რიგში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება. იგი პირდაპირი წესით არჩეული მერია და ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს მისი გადადგომის მიზეზები. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ვიცით, რომ იყო გამოკითხვაზე სუს-შიც და საეჭვოა ის გარემოება, რომ სწორედ ამ გამოკითხვის მერე დატოვა მან თანამდებობა. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები“, - თქვა თოდუამ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა.

მერის უფლება-მოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში.

ამავე თემაზე:

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ 

ვიცე-მერი გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგა

ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება



Print