ახალი ამბები
ზუგდიდში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იყიდება
რუსთაველის #95-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ზუგდიდის თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ქონების საწყისი ღირებულება 3 მილიონი ლარია. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების მომავალმა მფლობელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტი უნდა წარუდგინოს. ამასთან, 3 წლის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

"უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს: ა) მრავალფუნქციური შენობა; ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; დ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; კ) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მ) სავაჭრო ცენტრი", - ვკითხულობთ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ განმარტებაში. 

კითხვით, თუ რა ბედი ეწევა ზუგდიდის თეატრის დასს და სად გამართავენ ისინი რეპეტიციებს, ზუგდიდის მერიას მივმართეთ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ინფორმაციისთვის, თეატრის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია "ატუმ" 2019 წელს დაიწყო.
Print