ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მრავლშვილიანი ოჯახებისთვის ინგლისური ენის კურსებს დააფინანსებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსს დააფინანსებს, საპილოტე პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე დაბალია. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელმა ია ეხვაიამ ისაუბრა.

"ჩვენ ჩავატარეთ ექვსი თვის განმავლობაში მასშტაბური კვლევა. გამოიკვეთა, რომ მშობლებს აქვთ სურვილი,რომ არსებობდეს კლასგარეშე უცხო ენის წრე, აქედან წამოვიდა ეს ინიციატივა. რახან საპილოტეა ეს პროექტი, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები ჩაერთვებიან. როცა ოჯახს რამდენიმე შვილი ყავს, უფრო რთულია მათი დაკმაყოფილება ამიტომ პირველ ჯერზე მრავალშვილიან ოჯახებს მოვიცავთ. დაახლოებით 20-22 ბავშვი იქნება საუბარი ამ ეტაპზე. თუ თანხა დაგვემატება და მოთხოვნაც გაიზრდება ბუნებრივია დავამატებთ,"- უთხრა რადიო "ათინათს".

სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ საიტზე უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომლის საწყისი მოცულობა 15 840 ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით გაკვეთილი კვირაში მინიმუმ ორჯერ ჩატარდება.
Print