ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან ხმაურია - გარემოვაჭრეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ
ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. შეკრებილები მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მერიის შენობასთან იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და გარე ვაჭრობის უფლებას არ მიიღებენ.

"ვითხოვთ ჩამობრძანდეს ბატონი მამუკა და დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები, თუ არა და ვაგრძელებთ აქციებს, იქნება უწყვეტი პროტესტი, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ჩვენ არ გვიხარია წვიმაში და ქარში დგომა, უბრალოდ გამოუვალ სიტუაციაში ვართ. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ფარულავამ.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და შეკრებილებს უთხრა, რომ გარევაჭრობა უკანონობაა. ნანავას თქმითგარემოვაჭრეებს მერიამ ალტერნატიული სივრცე შესთავაზა, თუმცა პროტესტის მონაწილეების თქმით, ამ სივრცეში ისინი საქმიანობას ვერ განახორციელებენ.

მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომ მაისის თვიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად მუშაობას მაინც განაახლებენ.

გასულ კვირაში, 1 მაისს ზუგდიდის მერიასთან მოვაჭრეების აქცია შიდა მოვაჭრეებმა გამართეს გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით. მაშინ, მათ მერის მოადგილისგან, ბესიკ ჭეჟიასგან, პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს დილიდან დაკეტილი ბაზრის კარები. თუმცა, განაცხადეს, რომ პერმანენტული აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შიდა მოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.

ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრავალი წელია დგას. ბაზრის გარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინადადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის მერიასთან ამჯერად გარემოვაჭრეები მართავენ აქციას
Print