ახალი ამბები
მერიის დაპირების შემდეგ ოდიშელებმა აქცია შეწყვიტეს
სოფელ ოდიშში ადგილობრივების აქცია დასრულებულია. პროტესტის მონაწილეებმა უკვე გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილიც. მათ ზუგდიდის მერის მოადგილისგან პირობა მიიღეს, რომ საჯაიას ქუჩის გზის რეაბილიტაციის საკითხი უახლოეს თვეებში გადაწყდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიღებული პირობის დიდად არ სჯერათ, თუმცა 15 ივნისს დაელოდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ საკითხი მათი მოთხოვნის შესაბამისად არ გადაწყდება, აქციების განახლებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ოდიშის გზას სრულ იზოლაციაში მოაქცევენ.

"გვითხრეს, რომ თბილისში მიდიან 15 რიცხვში და ბიუჯეტიდან რა თანხასაც გამოყოფენ, მაგის მიხედვით იმოქმედებენ. ველოდებით 15 ივნისს და რა პასუხს გაგვცემენ. დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, თუ მაინც უარი გვითხრეს, მოვიტანთ ბარს, ნიჩაბს და გადავთხრით ამ გზას და ოდიში სრულ იზოლაციაში იქნება,"- გვითხრა ოდიშის მკვიდრმა ბენო სართანიამ.

სოფელ ოდიშის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ზუგდიდის მერის მოადგილე ბესო ჭეჟია ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. მერიის წარმომადგენლებს სამუშაოების დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამთ.

"კონკრეტულად ამ სოფელში დღეს არის ორი დიდი პრობლემა. ერთი საკვიტატიოს უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა და ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია. უკვე შედგენილია პროექტი საკვიტატიოს უბნისთვის და მალე გამოცხადდება ტენდერი. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მე არ ვამბობ, რომ არ გავაკეთებთ რეაბილიტაციას, უბრალოდ დროს ვერ ვასახელებთ."- განაცხადა ჟურნალისტებთან ზუგდიდის მერის მოადგილემ ბესო ჭეჟიამ.

ადგილობრივებს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე საათით გადაკეტილი ჰქონდათ, შეზღუდული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც. სოფელ ოდიშის მაცხოვრებლების ნაწილმა, საჯაის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია დილიდან დაიწყო. ისინი გიზის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვენ. ამ წუთისთვის აქცია უკვე დასრულებულია. 

Print