ახალი ამბები
"გარევაჭრობის საკითხზე სამოქალაქო სექტორთან ერთად ვიმსჯელებთ" - ზუგდიდის მერის მოადგილე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გარევაჭრობის პრობლემის გადასაჭრელად გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს. მერის მოადგილემ ბესო ჭეჟიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ შეხვედრა, რომელსაც, საკრებულოს, მერიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, უახლოეს დღეებში გაიმართება. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი კი უშუალოდ გარემოვაჭრეებთან შეხვედრა იქნება.

ბესო ჭეჟია ამბობს, რომ გარე მოვაჭრეებთან კომუნიკაციის რამდენიმე მცდელობა უკვე იყო, თუმცა მოვაჭრეები შეთავაზებულ ალტერნატიულ სივრცეზე უარს ამბობენ.

"გარემოვაჭრეებმა გარკვეული შეთავაზებები უკვე მიიღეს, თუმცა ყველა ალტერნატივაზე უარს ამბობენ. ვამუშავებთ წინადადებას, რომ ისევ ვესაუბროთ და მივიღოთ ყველასთვის შუალედური გადაწყვეტილება. იგეგმება ერთობლივი შეხვედრა, რომელსაც დაესწრება მერია, საკრებულო, სამოქალაქო სექტორი და ყველა, ვინც არის ამ პრობლემით შეწუხებული. გარემოვაჭრეებს, ალბათ, ამ ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავესაუბრებით. მე ახალ ბაზარს ვერ ავაშენებ ზუგდიდში, ცნობილია ალტერნატიული სივრცეები, სადაც მუშაობა 500 ადამიანს შეუძლია. ოპოზიციას თუ აწუხებს ეს პრობლემა, ჩვენთვის მათთან საუბარი არ არის პრობლემა,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერის მოადგილემ.

გარემოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება აპრილის ბოლოს მიიღეს, რომ მაისის თვიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. სწორედ ამ შეტყობინებამ გამოიწვია მათი პროტესტი ზუგდიდის მერიასთან. თუმცა, მერიამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და გარე მოვაჭრეების მიერ დაკავებული სივრცეები ჯერ არ გათავისუფლებულა.


Print