ახალი ამბები
წალენჯიხაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებული 3 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ორ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მესამე პირის მიმართ კი, რომელიც არასრულწლოვანია სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე თვლის, რომ ინციდენტისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დაკავების მომენტში არაპროპორციული ძალის გამოყენებას. უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებულებს ძალადობის კვალი ეტყობათ. სოსო ჯანაშიამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლე საპირისპირო განაჩენს გამოიტანს.

"პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზით სისხლის სამართლებრივი წესი დაკავებული იყო 3 პირი , 4 პირი კი ადმინისტრაციული წესით. დაცვის მხარის არგუმენტი პროცესზე იყო ის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ანუ მათი დაკავება იყო არაობიექტური მოცემულობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამის კვალი დაკავებულებს ეტყობათ დაზიანებები. ჩვენ ვითხოვდით გირაოს გამოყენებას, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიიღო აღკვეთი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, წინასწარი პატიმრობის სახით. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის უსამართლო. ამ საქმის მოცემულობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ არსებითი განხილვისას დადგება საპირისპირო გადაწყვეტილება,"- უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო კიდევ 4 მოქალაქე, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ინციდენტი წალენჯიხის ცენტრში 6 ივნისს გვიან ღამით მოხდა.




Print