კორონავირუსი
ორსანტიაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, მსგავსი პუნქტები ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამ სოფელში მოეწყო. მათ შორისაა ოზურგეთის სოფელი შრომა და ლანჩხუთის სოფლები ჭყონაგორა და ჩოჩხათი.

"ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორსანტიაში ბოლო 3 დღის განმავლობაში Covid-19 სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება,  რადგან თავდაპირველად ვირუსი სწორედ იქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა.

Print