სარეკლამო მასალა
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დარიგების პროცესს მონიტორინგს გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია უწევენ.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება. ამ ეტაპზე ორი კვირის მარაგს გადავცემთ და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ვაკონტროლებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები იქნას გათვალსიწინებული. პროცესში ასევე, მოხალისეები არიან ჩართულები. ისინი მაქსიმალურად აკონტროლებენ სოციალურ დისტანციას", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდში 62 სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც 4172 აღსაზრდელი ირიცხება.

პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ​აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს, მერთან ერთად, საკრებულოს წევრები გაუწევენ.


Print