სარეკლამო მასალა
ზუგდიდში შშმ პირების საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
"შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრმა" პროექტის - "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება", ფარგლებში საბოლოო გაფართოებული შეხვედრა ზუგდიდის "დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" ოფისში გამართა. შეკრებილებს ანკეტის საბოლოო ვარიანტი გააცნეს. ამასთან, იმსჯელეს და დეტალურად განიხილეს ანკეტის ყველა პუნქტი. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი თამარ ჩიქავა, მოწვეული ექსპერტი რუსლან საჯაია, შშმ პირებთან მომუშავე არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ პირები, შშმ ბავშვების მშობლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

"დისკუსიის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, თამარ ჩიქავამ გამოთქვა სურვილი, რომ ანკეტაში ჩაგვემატებინა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მერიის ერთ-ერთი პროგრამის მოსარგებლეთა სტატისტიკას და ბენეფიციარის ოჯახის წევრთა რაოდენობას. ასევე ერთ-ერთი მუხლის ჩამონათვალში ჩამატებულიყო "მომვლელის პროგრამა" (მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე), რადგან ეს ინფორმაცია მათ გაუადვილებდა უკვე დანერგილი პროგრამის მიწოდებისთვის ბენეფიციართა შერჩევას", - ამბობს ცენტრის თავმჯდომარე სოფიო ჩახაია.

მისივე განმარტებით, შემუშავებულ ანკეტას ზუგდიდის მერიას შესთავაზებენ, რათა ის დაინერგოს, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი ინსტრუმენტი.

"ეს ანკეტა მერიას მისცემს სრულყოფილი და განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებას, რომელშიც ასახული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა შშმ პირის პერსონალური საჭიროებები", - აღნიშნა სოფიო ჩახაიამ.

შეხვედრის მონაწილე სმენადაქვეითებულ პირებს მომსახურებას უწევდა ჟესტური ენის სპეციალისტი ნონა კვარაცხელია.

ინფორმაციისთვის, „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ახორციელებს პროექტს "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” პროექტი დაფინანსებულია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი აფხაზეთის (CHCA) მიერ პროექტ "პარტნოირობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ASB Georgia, CHCA და KRDF ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Print