სარეკლამო მასალა
"ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" - ასოციაცია „იმედის’ შეხვედრა ახალგაზრდებთან (ფოტო/ვიდეო)
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.

ასოციაციის „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის ჩატარებულ ღონისძიებაზე ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ნომინანტმა ქალბატონმა ქრისტინა კილანავამ ვრცლად ისაუბრა.
„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მშვიდობის მშენებლობა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ჩავატარეთ შეხვედრა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდები იყვნენ ძალიან საინტერესოები, გულისყურით ისმენდნენ საუბარს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, მწერლის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, ევროპაში სამშვიდობო მოძრაობის ფუძემდებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ. შეხვედრას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალგაზრდებში მშვიდობისა და სამშვიდობო საქმიანობის პოპულარიზაციისათვის. ქალთა ფონდმა საქართველოში, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს და მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ!", - აღნიშნა ქრისტინა კილანავამ.

შეხვედრას სხვადასხვა სკოლის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან ინფორმაციული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეული ცოდნა მქონდა ამ ადამიანის შესახებ, მაინც სხვა კუთხით დავინახე, ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ მის მოღვაწეობას უკეთესად გავეცნო, მადლიერი ვარ ამ შეხვედრის და კიდევ ვისურვებ მსგავს აქტივობებს“, - თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ ლიზა ჯღარკავამ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობა და აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია წლების განმავლობაში მშვიდობისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე დისკუსიებს ხშირად მართავს სხვადასხვა ფორმატში, ასოციაციას „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მიზანშეწონილად მიაჩნია რეგიონში აღნიშნული პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება.


Print