რეგიონი
ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით ჩატარდა. მიზეზი ქალაქ ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება გახდა, რომელსაც არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, მძიმე სოციალურ ფონზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების მომატება არ არის მართებული.

„თავისუფალი დემოკრატები“ ხელფასების მომატებაში ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუმცა იმის გამო, რომ პარალელურ რეჟიმში ბაღის აღმზრდელებისა და თანამდებობის პირთათვის ხელფასების მომატება არ მოხდა, ამ ეტაპზე მათ თავი შეიკავეს.

ცვლილებების შედეგად, საჯარო მოხელეების ხელფასები შემდეგნაირად გადანაწილდა: წამყვან სპეციალისტებს - 200, ხოლო უფროს და უმცროს სპეციალისტებს ხელფასის სახით 100 ლარი დაემატათ. ჯამში ხელფასების გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტს 90 ათას ლარზე მეტი დაუჯდება.

Print