რეგიონი
იყო თუ არა უკანონო ზუგდიდში „მაკდონალდსის“ მშენებლობის დაწყება (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის მტკიცებით, ზუგდიდში სწრაფი კვების ობიექტის - „მაკდონალდსის“ მშენებლობა უკანონოდ დაიწყო. მისივე განცხადებით, მერიამ „მაკდონალდსის“ შესაბამისი ნებართვა მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გასცა.

„მაკდონალდსი ოფიციალურად 2015 წლის 2 ივნისს გაიხსნა. არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა 2015 წლის 29 აპრილს, ერთი თვით ადრე ვიდრე ის გაიხსნებოდა. მერიაში განმარტეს, რომ მათ გამოიყენეს დისკრეციული უფლება-მოსილება, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს შემოღობვის უფლება მიეცა. თუმცა მერიის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ 2014 წლის დეკემბერში მშენებლობა უკვე დაწყებული იყო“, - აცხადებს წითლიძე.

ოპოზიციური პარტიის წევრის ბრალდებებზე მერიაში ჟურნალისტებს ვიდეო-კომენტარზე უარი უთხრეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად 02.12.2014 წელს შპს ,,თ და კ რესტორნების“ მინდობილი პირის დავით ჯანიაშვილისგან, მერიაში შევიდა განცხადება №04/1002. 2014 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №607 ბრძანებით დამტკიცდა აღნიშნული მშენებლობის პროექტისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები“.

„ასევე განესაზღვრა მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლის ოდენობა (390ლ), რომელიც გადახდილ იქნა დამკვეთის მიერ 12.24.2014წ. აქვე მოგახსენებთ, რომ სწრაფი კვების ობექტის (,,მაკდონალდსი“) იერსახის პროექტის საბოლოო შეთანხმებამდე, მერის დისკრეციული უფლებამოსილებით, (მშენებლობის დაჩქარების მიზნით) დამკვეთს მიეცა თანხმობა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების თაობაზე, რაც ითვალისწინებდა სამშენებლოდ განკუთვნილი ტერიტორიის დამცავი ღობის მოწყობას, აგრეთვე გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს. 2015 წლის აპრილში სწრაფი კვების ობიექტის იერსახის პროექტი საბოლოო განხილვით შეჯერდა და შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 29.04.2015 წელს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

Print