რეგიონი
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების ბათუმში გადაყვანა გააპროტესტეს (ვიდეო)
მერიის წინ მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა მიუსაფარი ძაღლების ზუგდიდიდან ბათუმის თავშესაფარში გადაყვანა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორის თამარ ჟვანიას თქმით, ქალაქიდან დაახლოებით 200-მდე ძაღლის გადაყვანა ზუგდიდდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს.

ჟვანიას განმარტებით, ბათუმის თავშესაფარში ძაღლებს რთული პირობები აქვთ. ის მოუწოდებს ქალაქ ზუგდიდის მერიას, იზრუნოს ცხოველების უსაფრთხოებაზე.

„ცოცხალი და მკვდარი ძაღლები ერთად არის მოთავსებული, საკვები თითქმის არ არის , წყალი ბინძურია და შესაბამისად შეიძლება ეს გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო,“- აღნიშნა მან.

იგივე მოთხოვნით მოქალაქეებმა 2016 წლის ნოემბერში მერიასთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ზუგდიდის მერიას არ გაეფორმებინა ხელშეკრულება ოზურგეთში მოქმედი თავშესაფრის მფლობელს, ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან, რომელსაც ისინი ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. მოქალაქეების პროტესტის შემდგომ ზუგდიდდასუფთავებამ" მეწარმე მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება გააუქმა.

რადიო "ათინათს" ზუგდიდდასუფთავების სამსახურის უფროსმა ნუგზარ მალაშხიამ განუცხადა, რომ ეს საკითხი მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა სთხოვეს ხელშეკრულებების გაფორმება. მალაშხიას განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ოთხი თავშესაფერი არსებობს, აქედან კი ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი და ხელშეკრულების დადება მათ არ უნდათ.

„სხვებთან შედარებით ბათუმში იყო უკეთესი პირობები. გამოყოფილი იყო თორმეტი ათასი ლარი, ერთ ძაღლზე ვიხდით 55 ლარს. ამ დროისთვის 2000-მდე მიმართვაა შემოსული,მოქალაქეები გვთხოვენ, რომ მოვაშორთ ძაღლები, რაც შეეხება ძაღლების გადაყვანას, თვითონ მოდიან სპეციალური მანქანით იჭერენ ცხოველებს და მიჰყავთ,“- აღნიშნა მან.


Print