რეგიონი
ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში (ვიდეო)
საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში მეორედ აღინიშნა. ადგილობრივმა შემსრულებლებმა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფოლკლორული სიმღერები და ქართული ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორის დავით აქუბარდიას თქმით, ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს ამ დღის ოფიციალურად გამოცხადების მოთხოვნით უკვე მიმართა.

„აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა, ევროპისა და აშშ-ს რამდენიმე ქალაქში გაიმართა“, - თქვა აქუბარდიამ.

ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირიაც შეუერთდა. მისი თქმით, ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს და ის ყოველ წელს უნდა აღინიშნოს.

„ ჩემს ნებისმიერ გამოსვლაზე მსოფლიო მასშტაბით ჩოხით გამოვდივარ და ვცდილობ მაქსიმალურად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა“ - აღნიშნა დავით ქირიამ.

ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართა.


Print