ახალი ამბები
„ვისოლ ჯგუფს“ ზუგდიდში საერთაშორისო ბრენდის ობიექტის მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივდა (ვიდეო)
„ვისოლ ჯგუფს“, რომელსაც ზუგდიდში საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტი მიმდინარე წლის 17 ივლისამდე უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადა 2 წლით გაუხანგრძლივდება და ჯარიმა არ დაეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.

ქალაქ ზუგდიდის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2015 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ვისოლ ჯგუფს“ კედიას ქუჩაზე, ყოფილ სახანძროს შენობაში საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტი უნდა აეშენებინა, სადაც 1 500 000 დოლარის ინვესტიცია ჩაედო და 70 ადამიანი დაესაქმებინა. ასევე, კომბინატის სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.

დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ კომპანიამ კომბინატის სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაცია ჩაუტარა, თუმცა სხვა პირობა ვერ შეასრულა. მიუხედავად აღნიშნულისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით „ვისოლ ჯგუფს“ მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივდა. გარდა ამისა, შეიცვალა ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა. კერძოდ, კომპანიას მოეხსნა 70 ადამიანის დასაქმების ვალდებულება.



ფხაკაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა და ვალდებულებების გადავადების მიზეზებსა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ორი წლის წინ, აუქციონის დასრულებისთანავე, ჩვენ დავიწყეთ სახანძროს შენობის რეაბალიტაცია და ამასი 500 000 ლარი დავხარჯეთ. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, ლარის დევალვაციისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, საერთაშორისო ბრედმა თბილისის გარეთ გასვლაზე უარი თქვა. სწორედ ამ სიტუაციის გამო ვითხოვთ გადავადებას და ნებართვას, რომ პროექტი ორ წელიწადში დავასრულოთ“, - განმარტა ფხაკაძემ.

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ. მან ქალაქის მერი ფხაკაძის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ორი წლის წინაც ვამბობდით, რომ ეს იყო ბიზნესგარიგება გოგოხიასა და ფხაკაძეებს შორის. მაშინაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდით, დაიწყებოდა თუ არა სამუშაოები. ჩვენ ვერ გავიგეთ, რის აშენებას აპირებენ, პირობიანი აუქციონიდან რატომ ამოიღეს დასაქმების პუნქტი და რა იყო მისი მიზანი. ეს სტრატეგირული ტერიტორია არის დაპაუზებული მხოლოდ გოგოხიას პირადი ინტერესების გამო და მას ეკისრება პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა წითლიძემ.



დეპუტატის კითხვაზე, იძლევა თუ არა კომპანია გარანტიას, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვალდებულებებს შეასრულებს, ფხაკაძემ უპასუხა, რომ კომპანიაში სიტუაცია „დალაგდა“. რაც შეეხება ირაკლი გოგოხიასთან მეგობრობას, მისი განმარტებით, ქალაქის მერთან მეგობრობს, თუმცა ეს ბიზნეს ინტერესებისთვის არ გამოუყენებია.

ქალაქის მერიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ წითლიძის განცხადებები საფუძველს მოკლებულია და კომენტარს არ გააკეთებენ.

კონკრეტულად, რა ობიექტის მშენებლობა იგეგმება არნიშნულ ტერიტორიაზე, ფხაკაძე ვერ აზუსტებს, თუმცა პირობას დებს, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდი აუცილებლად იქნება და შესაბამისად, ადამიანებიც დასაქმდებიან.

სხდომის დასრულების შემდეგ ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. საკითხზე კომენტარი არც საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია სეროზიამ გააკეთა.


ფოტო: ქალაქ ზუგდიდის საკრებულო
Print